Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს

„ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს და ეს თავისთავად უნდა გულისხმობდეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსაც“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, რომ მზად არის ბრიუსელთან დიალოგი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთა ევროკავშირის ინტერესებში შედის.

„მთავარია დიალოგი განახლდეს. მიუხედავად ამდენი უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ვიხილეთ, გაცხადებული გვაქვს პრემიერ-მინისტრის დონით დაწყებული, რიგითი დეპუტატის დონით დამთავრებული, რომ მზად ვართ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს და ეს თავისთავად უნდა გულისხმობდეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ეს ყველაფერი უნდა მოიცავდეს დაკავშირებადობის კუთხითაც საკითხებს. ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს სასაუბრო, დრო არ ითმენს. მათ უფრო ეჩქარებათ დღევანდელი გადმოსახედიდან.

საქართველოს მნიშვნელობა დღეს არის გაასმაგებული შუა კორიდორიდან გამომდინარე. ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენი ფასიც ვიცით და გაზრდილია ჩვენი წონა სწორედ ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც ვითარდება ჩრდილოეთ კორიდორის მიმართულებით და სამხრეთ კორიდორის მიმართულებით.

რა რას გადაწონის, ამაზე დღეს ნუ ვისაუბრებთ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საჭიროება უდგას ევროკავშირს ძალიან სერიოზულად იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ტვირთბრუნვა ჩინეთთან აქვთ დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის ვაჭრობა ყოველ წლიურად. შესაბამისად, ეს ტვირთი ხომ უნდა წაიღონ.

შუა კორიდორის დატვირთვაც ციფრებს, რომ გადაამოწმებთ შვიდჯერ არის გაზრდილი მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. შესაბამისად, ძალიან დიდი არის საჭიროება საქართველოსი ბრიუსელისთვის“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.