ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გაიხსნება
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ბრიუსელთან ურთიერთობებსა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტნიორებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს.
„ბრიუსელი უნდა შეეგუოს იმას, რომ ამდენი წნეხისა და ზეწოლისა მიუხედავად - მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია თავად ჩაუტარეს, აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპარლამენტარები, რომლებიც პირდაპირ ითხოვდნენ „მაიდანიზაციას“, - საქართველოში რევოლუცია ვერ მოხდა და ამ ფაქტს უნდა შეეგუონ. ვერც საარჩევნო გზით ჩაგვანაცვლეს აგენტურული ოპოზიციით. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუონ, რომ საქართველომ უარი განაცხადა ჩვენი სახელმწიფოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და საქართველოში მეორე ფრონტი ვერ გაიხსნება.
მათ უნდა აღიარონ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ვესაზღვრებით შავ ზღვას და ნამდვილად ვართ შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანა. მათთვის შუა დერეფანი უალტერნატივო მარშრუტია: ჩრდილოეთ დერეფანი დაკეტილია, სამხრეთ დერეფანში კი მუდმივი პრობლემებია, მით უმეტეს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. შესაბამისად, შუა დერეფანს ალტერნატივა არ გააჩნია. საუბარი მაქვს ასობით მილიარდ დოლარზე და იმ ტვირთზე, რაც ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რასაც ისინი ჩინეთსა და შუა აზიის ქვეყნებთან ვაჭრობენ. ჩვენ კი იდეალური ურთიერთობები და ძალიან სერიოზული პარტნიორობა გვაქვს როგორც ჩინეთთან და შუა აზიის ქვეყნებთან, ისე ჩვენს მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
როდესაც ისინი ამ მარტივ ჭეშმარიტებებს აღიარებენ და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ჩვენ არ დავიწყებთ იმ უსამართლო მიდგომებზე საუბარს, გადავფურცლავთ ამ ყველაფერს და ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და ამ ურთიერთობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.