ლევან მაჭავარიანი: ბატონი ვაშაძე, ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ტრამპის მიერ არიან მიწვეულები - ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას
![](https://newshub.ge/uploads/files/2025/01/10/118123/levan-machavariani_w_h.jpeg)
„ბატონი ვაშაძე, ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს დონალდ ტრამპის მიერ არიან მიწვეულები. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას“, - ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს.
„ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თუ არ ვცდები, 200 000-მდე ბილეთია გაყიდული. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას. განსხვავებული ფასებია, რა თქმა უნდა. ბატონი ვაშაძე, ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ტრამპის მიერ არიან მიწვეულები და ა.შ.
ბატონ დონალდ ტრამპს ოფიციალურად მიწვეული ჰყავს, თუ არ ვცდები, 5 ქვეყნის ლიდერი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამითიც ცდილობენ, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ისინი, ეს ოპოზიციონერები, ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ბატონმა ტრამპმა ისინი ინაუგურაციაზე დაპატიჟა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.