Loading data...
ლევან მაჭავარიანი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ბოლო წლებში უცხოური დონორების მხრიდან მსგავსი პროცესების დაფინანსებას, ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის ფარგლებში

„რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური სემინარი, პოლიტიკური შინაარსის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან. თუმცა ვიხილეთ კანონის გვერდით ავლა, სავარაუდოდ, ბრიუსელიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბოლო წლებში უცხოური დონორების მხრიდან მსგავსი პროცესების დაფინანსება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა ხელისუფლება ნებისმიერ კანონდარღვევასა თუ დესტაბილიზაციის მცდელობაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ მიჩვეულები ვართ, მით უმეტეს, ბოლო წლებში მათი მხრიდან [ევროპის საბჭო] რადიკალიზმის დაფინანსებას და ისეთი ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებას, რომლებიც ავანგარდში დგანან რევოლუციური პროცესების განვითარების საქართველოში. ასეთი ცუდი რეპუტაციით რომ სარგებლობენ, რა თქმა უნდა, მათ კითხვის ნიშნები დატოვეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე, გაიხსენა, რომ ახლად დანიშნული ნორვეგიელი დიპლომატიც იმყოფებოდა ბახმაროში გამართულ სემინარზე, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე კონფიდენციალური შეხვედრები ჩაატარა რადიკალური ოპოზიციის სახეებთან.

„პირდაპირ ფარული შეხვედრა ჩაატარა - ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან, რომლებიც გამოირჩევიან იმ რადიკალურ ოპოზიციაში თავიანთი კიდევ სხვა ტიპის რადიკალიზმით. აგრეთვე, აგრძელებენ ასეთი ტიპის მუშაობას ეს ფონდები და ძალიან სამწუხაროა. ჩვენ არაფერი არ გამოგვეპარება ნამდვილად, ყველაფერზე ვფლობთ ინფორმაციას და ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის ფარგლებში, თუმცა, აი, ასეთი ქმედებებით კიდევ უფრო მეტად იზიანებენ თავიანთ რეპუტაციას საქართველოში.

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ ეს აქტორები ცდილობენ, პოლარიზაციის გაღრმავებას საქართველოში. ეს აქტორები ცდილობენ, ემოციურად დაზიანებული ჩვენი თანამოქალაქეების გრძნობებზე თამაშს და მათთვის იმის სწავლებას და დაჯერებას, თითქოს, თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არ არის ტერორიზმი, როგორც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ფრანკლინის კლუბი იყო თუ არ ვცდები ერთ-ერთი, მათი ბანერები იყო რასაც ბავშვებს უხსნიდნენ და ასწავლიდნენ. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომ ეს ფაშიზმი საქართველოში დასრულდეს“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.