Loading data...
ლევან მაჭავარიანი: აშშ-ის პოზიცია ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს

მმართველ გუნდში ვენეციის კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აშშ-ის ეს პოზიცია, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი აკეთებენ პოლიტიკურ შეფასებებს. ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ მათი რეკომენდაციაა, ის, რაც კონსტიტუციაში ასახული გვაქვს, რომ ოჯახი არის ქალი და კაცის ერთობა, ეს ამოგვეღო ჩვენ კონსტიტუციიდან. ასევე, მათი რეკომენდაციაა გაგვეუქმებინა გამჭვირვალობისა და ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი. შესაბამისად, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის.

ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. ამ შემთხვევაში, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, მოქნილები, პრაგმატულები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, რაც ჩამოყალიბდება ისე მოვერგოთ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აცხადებს მაჭავარიანი. 

ინფორმაციისთვის, 66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა. 

აშშ ვენეციის კომისიის სრულყოფილი წევრი 2013 წლიდან იყო, ხოლო მანამდე, 1991 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა. 

მთლიანობაში, აშშ-მა დატოვა გაეროს სტრუქტურაში შემავალი 31 ორგანიზაცია და 35 საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სტრუქტურის მიღმა.