Loading data...
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულმა ოპოზიციამ, NGO-ებმა და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში „რჩევების“ მიღებას აკერმანისა და „კანვასისგან“

„აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში. არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში „რჩევების“ აკერმანისგან და ორგანიზაცია „კანვასისგან“ მიღებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტისგან“ გზამკვლევიც კი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო, თუ როგორ გადაჰყავდათ პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში.

„წინა პოსტებში საზოგადოებას დეტალურად გავახსენე აგენტურული ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების მიერ წარმოებული „აფერისტული“ კამპანია, „რუსული კანონი“ და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მათი მხრიდან დაორგანიზებული აქციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების იძულებას, დათანხმებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას - ანუ ომში ჩართვას.

მინდა, საზოგადოებას ასევე გავახსენო ამ აქტორების თაღლითური კამპანია, თითქოს სააკაშვილს ვაწამებდით და ვკლავდით. ისინი რამდენიმე წელი ცდილობდნენ, თავისი ფაშისტური მეთოდებით საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. რა თქმა უნდა, სხვა ქმედებებთან ერთად, ესეც მათ გარე პატრონებთან მჭიდრო კოორდინაციით ხდებოდა და, ეს ზღაპარი უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ევროკავშირის 27-ე წევრი ქვეყნის ელჩმა დემარშიც კი მოგვიწყო.

გვახსოვს მათ მიერ გაგზავნილი წერილები ბრიუსელში, სადაც საქართველოს დასანქცირებას ითხოვდნენ. ისინი ბრიუსელს „ეხვეწებოდნენ“, რომ საქართველოსთან გაეწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა. არც ის დაგვიწყებია, ცრუ ჩვენებებს როგორ აძლევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნის დასასმენად. აგენტურა აგრესიულ კამპანიას აწარმოებდა, თითქოს საქართველო „შავი ხვრელი“ იყო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას ცდილობდა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია პოლიციელებისა და პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას მშვიდობიან დემონსტრაციად ასაღებდა.

„გვახსოვს აშშ-ის სანქციების კოორდინატორის, ბატონი ჯეიმს ო’ბრაენის, და ევროკავშირის სანქციების სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დევიდ ო’სალივანის, არაერთი მადლობა ჩვენი ხელისუფლებისთვის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის. როდესაც ეს რადიკალები ხელს გვიშლიდნენ და საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან გვაშორებდა, შემდეგ ვიხილეთ აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ვიზიტები ჩინეთში.

ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდან ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობის აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები. როდესაც ეს მავნებლები შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენს გაღრმავებულ ურთიერთობებზე ქილიკითა და ღლიცინით საუბრობდნენ, ვიხილეთ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტას, კაია კალასისა და მარტა კოსის ვიზიტები აღნიშნულ რეგიონში. ევროკავშირმა, ისევე როგორც ჩინეთთან, ამ შემთხვევაშიც დაადასტურა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაღრმავება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

რადიკალები თავიანთი ბინძური პროპაგანდით ცდილობდნენ, მოქალაქეები რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ განეწყოთ და ჩაეშალათ უმსხვილესი ინვესტორის საქართველოში შემოსვლა. „რუსეთიზაციის“, „ჩინეთიზაციისა“ და „ირანიზაციის“ ბინძური კამპანიების შემდეგ, ჯერი უკვე „არაბიზაციაზე“ მიდგა, თუმცა ტყუილებზე დაფუძნებული ეს ნარატივიც ჩაუვარდათ. აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში.

არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში „რჩევების“ აკერმანისგან და ორგანიზაცია „კანვასისგან“ მიღებას. ბოლოს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“ გზამკვლევიც კი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო, თუ როგორ გადაჰყავდათ პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც, მეტი სიმწვავისთვის, მსხვერპლიც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა. თავიანთ პატრონებთან ერთად, პოლიციელებისა და პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას მშვიდობიან დემონსტრაციად გვისაღებდნენ“, - წერს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მისივე თქმით, აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს LGBT პროპაგანდის ამკრძალავ კანონს, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ სქესს და გამორიცხავს LGBT დღის წესრიგის შეტანას სკოლებსა და ბაღებში.

„როდესაც აგენტურული პარტიების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო და ქართველმა ხალხმა ისინი მორიგ ჯერზე დაამარცხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გვახსოვს მათი თაღლითური კამპანიები 400 000 გაყალბებულ ხმასა და 100 000 ჩამორთმეულ პირადობაზე. ეს მავნებლები წლების განმავლობაში აწარმოებდნენ შეურაცხმყოფელ კამპანიებს ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. უბინძურესი მეთოდებით ცდილობდნენ საპატრიარქოს დისკრედიტაციას.

აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს LGBT პროპაგანდის ამკრძალავ კანონს, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ სქესს და გამორიცხავს LGBT დღის წესრიგის შეტანას სკოლებსა და ბაღებში. უკლებლივ ყველა აგენტურული პარტია, მდიდარი NGO და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტი დადგა LGBT პროპაგანდის მხარეს.

რადიკალები არც იმას მოერიდნენ, რომ ათობით მოძალადე პოლიციელის საქციელი 45 000-მდე ჩვენს გმირ პოლიციელზე განეზოგადებინათ და „მოძალადის იარლიყი“ ძალოვან უწყებებში მომუშავე ყველა სამართალდამცველისთვის მიეწებებინათ. გვახსოვს, გარე პატრონებთან მჭიდრო კოორდინაციით, ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კამიტით მოწამვლის დაბრალება. ეს ზღაპარი კიდევ უფრო აბსურდული აღმოჩნდა, ვიდრე სააკაშვილის წამებისა და მოკვლის ამბავი, თან იმის ფონზე, რომ მოწამლული თუთიყუშის გარდა არავინ აღმოჩნდა.

აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენი დღის წესრიგი საქართველოს მუდმივი რყევა და საბოტაჟი, დესტაბილიზაცია, მავნებლობა და ჩვენი მოქალაქეების ფაშისტური მეთოდებით იძულებაა, რომ თქვენი შეთხზული ზღაპრები დაიჯერონ. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები.

ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობის და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.