ლევან მაჭავარიანი: აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად
„გარე დავალებები საკუთარ ხალხთან საუბრის ნაცვლად და შიდა აუდიტორიაზე გათვლილი გამოგონილი ნარატივები“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური ფლანგი კვლავაც დესტრუქციულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ აგენტურა უცხოელ მფარველებთან ერთად სინქრონში მოქმედებს.
„ეს აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად. სხვათა შორის, რადგან ამ განცხადების ავტორი ნიკა გვარამიაა, მისი მაგალითი ძალიან მკაფიოა: როდესაც ზურაბიშვილი გარედან მიღებული დავალებით მის შეწყალებას აპირებდა, ზურაბიშვილამდე ეს ყველაფერი ვიოლა ფონ კრამონმა დაგვიანონსა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზოგადად, ის ფაქტი, რომ ეს აგენტურა თავიდან ბოლომდე გარე ძალების იმედზეა, დასტურდება მათი 14-წლიანი ოპოზიციური მოღვაწეობითაც - წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ხალხთან უნდა იყვნენ, ისინი სხვადასხვა დედაქალაქში დადიან და ქვეყნის დასანქცირებას ეხვეწებიან, შესაბამისად აქ ორჯერ ორი ოთხია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.