ლევან მაჭავარიანი: ადამიანები, რომლებიც ზოგი გააზრებულად, ზოგი გაუაზრებლად, ძალადობდნენ აქციების დროს, თუ მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს, სახელმწიფო გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, პრეზიდენტმა ეს ყველაფერი დაადასტურა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აქციების დროს დაკავებულმა პირების ნაწილმა გაიაზრეს თავის დანაშაული და პრეზიდენტის პასუხმაც არ დააყოვნა.
„ეს არის ჰუმანური აქტი. ადამიანები, რომლებიც ზოგი გააზრებულად, ზოგი გაუაზრებლად, ვინაიდან შეცდომაში შეიყვანეს, ძალადობდნენ აქციების დროს, თუ მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს, სახელმწიფო გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს. პრეზიდენტმა ეს ყველაფერი დაადასტურა.
სასიხარულოა, რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საღად აზროვნებს და პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, კარგად იაზრებს, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, ითხოვენ შეწყალებას - პასუხმა არ დააყოვნა.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ დანარჩენ მოქალაქეებზეც - ვინც ანალოგიური დანაშაულისთვის არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მათაც უნდა გადახედონ ყველაფერს, უნდა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო სახელმწიფოს წინაშე, არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა, რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობის მიღება, ეს ყველაფერი პასუხგაუცემელი ვერ დარჩება. თუ ისინი ამ ყველაფერს გაათვითცნობიერებენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საპასუხო ნაბიჯს გადადგამს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.