ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ
„აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოში, თუმცა ამისთვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცა მაშინ სუვერენიტეტი არ დაუბრუნებია.
„იყო სააკაშვილის ხელისუფლება, როდესაც გარე ძალები მართავდნენ იმ ხელისუფლების ხელით ჩვენს ქვეყანას და ატარებდნენ თავიანთ ინტერესებს. თუ დამოუკიდებლობასთან ერთად სუვერენიტეტი არ გაქვს, მაშინ ეს დამოუკიდებლობა მოჩვენებითია.
როდესაც ჩვენ ეს ქვეყანა გადმოვიბარეთ, ჭარბი გავლენები იყო უცხო ძალების ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები, რომ დაგვებრუნებინა ქვეყნისთვის სუვერენიტეტი და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 14 წლის თავზე ჩვენი მმართველობის საქართველო არის იმდენად დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.
აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ დღეს ვიღებთ საქართველოშივე, თუმცა ამისათვის ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ და ბევრი პოლიტიკური დარტყმაც მივიღეთ“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, სუვერენიტეტზე საუბრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარებაა.
„შენ, რა თქმა უნდა, პარტნიორის, მეგობრის ინტერესი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ არასდროს არ უნდა გაითვალისწინო თუ ის კონფლიქტში მოდის შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან“, - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.