ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
თანავუგრძნობ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს. დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - წერს ხუციშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.