ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში კომერციის მდივნის მოადგილეებთან შეხვედრა გამართა
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში გამართა შეხვედრა კომერციის მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, უილიამ კიმიტთან და ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯეფრი კესლერთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით.
საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე.
ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.