Loading data...
ლაშა დარსალია: როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი, აქ ალბათ ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ

„როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აქ ალბათ, ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ.

„მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპაზე, როგორც იდეაზე და ვლაპარაკობთ ბიუროკრატიაზე. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, ჩემი აზრით. ევროკავშირზე როდესაც ვმსჯელობთ, ევროკავშირში არის დაახლოებით 40 ათასი რეგულაცია, რომელიც ამ ქვეყნებს ეხებათ. ჩვენ რომ ვიყოთ წევრი, შეუძლებელია 40 ათასივე მოგწონდეს და ავტომატურად გადმოიღო. სწორედ ამისთვის არსებობს სხვადასხვა ფორმატი.

ფორმატებს ხაზს ვუსვამ შეგნებულად, ვინაიდან აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ხდებოდეს ურთიერთჩართულობით და ასე ვთქვათ, დიალოგის ფორმატით. როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი. აქ ალბათ ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ.

თქვენ ახსენეთ სიტყვა შეწყვეტა, მე არ დაგეთანხმებით, საქართველო აგრძელებს, არ გასულა ასოცირების შეთანხმებიდან, საქართველო არ გასულა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან, არ შეუჩერებია ვიზალიბერალიზაცია, ყველა ეს პროცესი. ანუ საქართველო აგრძელებს ამ მიმართულებით გზას, თუმცა ეს პოლიტიკური პროცესია, მათ შორის ინტეგრაციის პროცესი. არსებობს კონკრეტული ბიუროკრატია, რომელსაც შესაძლოა რაღაც ხედვები ჰქონდეს და ამ საკითხების ცალმხრივი რეჟიმით თავს მოხვევა ალბათ მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის.

საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, იმ რეფორმების გზას, რომლის ვალდებულებები ავიღეთ, მაგრამ ეს ვალდებულებები ჩვენ ავიღეთ. რეფორმები ტარდება არა იმიტომ, რომ რომელიმე ორგანიზაციის წევრი გავხდეთ, პირველ რიგში, ეს კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ამაში საქართველოს მხარდაჭერა იქნება, მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუმცა მითითებების რეჟიმში ყოფნა, ალბათ, არცერთი ქვეყნისთვის არ იქნებოდა მისაღები“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ კითხვის ავტორის პასუხად.