Loading data...
ქვრივიშვილი ლორთქიფანიძეს: როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას

„როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“, რითაც მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრს ლევან ლორთქიფანიძეს მიმართა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცდარია ლორთქიფანიძის პასუხი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის დამოკიდებული კონკრეტულ სექტორზე.

„თქვენს მიერ ხსენებული აზოტის ქარხანა, ეს არის ქარხანა, რომელიც დღევანდელი დღის მონაცემებით, 2 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო ხელფასი, რამდენადაც მახსოვს, არის დაახლოებით 2 ათას ლარამდე ხელზე ასაღები.

სწორედ იმ მნიშვნელოვანი კომპონენტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს წვდომა იაფიან ენერგორესურსებზე, საქართველოს მთავრობა პირდაპირი და არაპირდაპირი ინსტრუმენტებით, პირდაპირ ეხმარება ასეთ საწარმოებს იმისთვის, რომ მათი ბიზნესს სტრუქტურა იყოს მდგრადი და შეძლონ ოპერირება განახორციელონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ახლა მეორე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მრეწველობაზე, კიდევ ერთხელ ვიძახი, მრეწველობას დღეს ჩვენს ქვეყანაში აქვს მშპ-ს 14 პროცენტი. მე შემიძლია, ციფრებით გითხრათ, თუ როგორ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მრეწველობა. 2012 წელს მრეწველობის სექტორის ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს. 2024 წელს აღნიშნული სექტორის ბრუნვამ გადააჭარბა 25 მილიარდ ლარს. ანუ, 3,5-ჯერ გაიზარდა ამ სექტორში ბრუნვა.

ფეროების ფუნქციონირებაში თქვენ რომ ნახოთ ყოველდღიურად სახელმწიფო რამხელა მხარდაჭერას უცხადებს, მათ შორის იაფიანი ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თქვენ ამ კითხვას ობიექტურად აღარ დასვამდით.

მე ვცდილობ, რომ თქვენ პასუხი გაგცეთ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს არსებული ბიზნესების ოპერირებას, ერთი. მეორე, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ განავითაროს მეწარმეობა და სამრეწველო საქმიანობა. მესამე, მე ვცდილობ ასევე აგიხსნათ და განვმარტო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე.

მცდარია თქვენი პასუხი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის დამოკიდებული კონკრეტულ სექტორზე. თქვენ ახსენეთ ტურიზმი და განგიმარტავთ, რომ ცხრა ნახევარი პროცენტიც კი არ არის ტურიზმის ინდუსტრიის წვლილი მშპ-ში.

თუ შეხედავთ რამდენად მზარდია აიტი სექტორი, რომელიც გამორჩეულია მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილების შექმნით, რამდენად მზარდია ვაჭრობა, რაც პირდაპირ პროპორციულად ბმაშია წარმოების ზრდასთან, რამდენად მზარდია ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, თქვენ მესაუბრებით კონკრეტულ ერთ ვიწრო მიმართულებაზე, რომელიც ჩვენი ზრუნვის ობიექტურად დიდი ნაწილია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.