„ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არჩევნებია მოახლოებული და სურთ, საზოგადოების თვალში მმართველი გუნდი გააშავონ“ - მათიკაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაზე

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის წინასაარჩევნოდ, მაგალითად, პაველ ჰერჩინსკი რა განცხადებებით გამოდიოდა და როგორ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორ მოუწოდებდა საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას. ამ ყველაფრის ფონზე, დახმარებისა და მხარდაჭერის წერილი ღიმილის მომგვრელია“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც რუსული სტილის შეთქმულების თეორიებია.
მათიკაშვილის თქმით, ტყუილის დაბრალების, რუსულის მიწებების და ამ იარლიყის ქვეშ დისკრედიტაციის მცდელობის მიდგომა გაცვდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ არჩევნებია მოახლოებული და მმართველი გუნდის გაშავება სურთ.
„პასუხია გასაცემი ბევრ ლეგიტიმურ კითხვაზე, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს, ევროპული ფონდებიდან რადიკალების დაფინანსების თვალსაზრისით, ქვეყნის შიდა საქმეში უხეში ჩარევის თვალსაზრისით.
გაცვდა უკვე ტყუილის დაბრალების მიდგომა, რუსულის მიწებების და ამ იარლიყის ქვეშ დისკრედიტაციის მცდელობის. წლებია, ვისმენთ ამ ყველაფერს, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგალითად, სანქციებისთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებით.
არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ ამ რთულ პროცესში, ძალიან ბევრჯერ ქართული მხარე იყო გამართლებული და ვერცერთი ფაქტი ვერ აღმოაჩინეს ამ თვალსაზრისით. ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არჩევნებია მოახლოებული და სურთ, საზოგადოების თვალში მმართველი გუნდის გაშავება მოხდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.