Loading data...
კირცხალია: ოპოზიციის რეიტინგი განახევრებულია - 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან

ოპოზიციის რეიტინგი, ყველაზე მინიმუმ, განახევრებულია. 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საზოგადოება, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს თვალს ადევნებს, ასევე პირდაპირ ეთერში დააკვირდება, თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რომელსაც მმართველი გუნდი მათ წინააღმდეგ შეიტანს.

„განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პერიოდში და წინასაარჩევნო რამდენიმეთვიან პერიოდში, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად ნახა, თუ როგორ მიმდინარეობდა მათი [ოპოზიციის] წინასაარჩევნო კამპანია, ველზე ვერ გადიოდნენ, ყველა ვნახეთ ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ დიპლომატიური კორპუსის განცხადებები ამ ყველაფერთან, ან თუნდაც დუმილი. ყველამ ვნახეთ ის ბრძოლა და პირდაპირ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა რუსთაველის გამზირზე და არამარტო. შემდეგ ყველამ ვნახეთ ის რაღაც ღიმილისმომგვრელი 300 და 400 000 ხმის, ასე ვთქვათ, გაყალბება. ჯერ 300 000 თქვეს, შემდეგ 300 000 ხმით გაყალბების შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება“ გამოდიოდა გამარჯვებული. შემდეგ 400 000 ხმა, შემდეგ ეს რაღაც გაჟონილი ბიულეტენები, შემდეგ ქურქიანი ქალბატონები, რომლებიც თურმე ვიღაცას აიძულებდნენ, საარჩევნო უბნებზე ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. ასეთი ტრაგიკომიკური ჟანრი შემოგვთავაზეს მათ და მათმა პატრონებმა. ამ ყველაფრის შემდეგ დარწმუნებული იყოს ჩვენი საზოგადოება და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაზე მინიმუმ, მათი რეიტინგი განახევრებულია, თითოეული ამ დანაყოფის და თითოეული ამ ფლანგის. 

რაც შეეხება ჩვენს გაცხადებულ გეგმებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ დამარცხდებიან. ამის შემდეგ საზოგადოება, როგორც დღეს აკვირდება, როგორ მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია, პირდაპირ ეთერში დააკვირდება, თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეიტანს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალია.