Loading data...
კირცხალია ოპოზიციაზე: მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი, ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები

„ოპოზიციის სტრატეგიას აქვს ორი მიმართულება. ერთი მიმართულება, რომელიც დადასტურებულია და მეორე მიმართულება უნდა განვიხილოთ დაშვების თეორიით“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია დადგენილი სცენარით მოქმედებს. 

„ჩვენ რასაც ვხედავთ არჩევნების შემდეგ ამ ე.წ. ოპოზიციურ ველზე, ეს არის შეცვლილი ტაქტიკა, ერთგვარი დივერსიფიცირების მცდელობა მათივე პატრონების მხრიდან. სახეზეა სხვადასხვა დანაყოფი. ერთი მხარე საუბრობს ან საერთოდ არ არის ჩართული ამ გარჩევებში გაცხადებულად, არც მანდატი აქვს დატოვებული, აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მეორე კი ძალით აჭერინებს თავს. ეს არის დადგენილი სცენარით მოქმედება. მეორე ჯგუფი ამ სცენარს მიჰყვება, მესამე ჯგუფი დანარჩენების ბულინგით არის დაკავებული და საერთოდ არ აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა [არჩევნებში].

დაშვების დონეზე რომ ვთქვათ, რომ დავალება არ აქვთ მიღებული, თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკურ აქტივობას, აქაც მიზანმიმართულად დააკავებინეს თავი, მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან“, - აღნიშნა კირცხალიამ.