კირცხალია: ერთგვარ დივერსიფიცირებას ვხედავთ აგენტურულ ბაზარზე მათი პატრონების მხრიდან - ერთ ფლანგს პირობითად მოასინჯინებენ სცენარს, რომ იღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მეორე ფლანგში დაპირისპირება უნდა ვიხილოთ, მესამე ფლანგი თითქოს ემიჯნება ამ ორ ფლანგს - ეს ერთი დაკვეთის დივერსიფიცირებული სურათია

ერთგვარ დივერსიფიცირებას ვხედავთ აგენტურულ ბაზარზე, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, მათი პატრონების მხრიდან. ერთ ფლანგს პირობითად ათქმევინებენ, მოასინჯინებენ ერთ სცენარს, რომ იღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მეორე ფლანგში რაღაც დაპირისპირება უნდა ნახოს საზოგადოებამ, მესამე ფლანგი თითქოს საერთოდ ემიჯნება ამ ორ ფლანგს და ცალკე რაღაც მოძრაობებს ქმნის. ეს არის ერთი დაკვეთის დივერსიფიცირებული სურათი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
კირცხალია გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმებს, რომ ახალი არჩევნების პირობებში კოალიციური მთავრობა შეიქმნას.
მისი თქმით, სხვადასხვა ფლანგის დივერსიფიცირებულ თამაშში სცენარი ერთია, რომელი ფლანგიც დაწინაურდება, ფსონი იმ ფლანგზე დაიდება.
„რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ რესურსს, აქ არ არსებობს არანაირი ცალკე მდგომი სალომე ზურაბიშვილი, არც ეს გადაბრენდილი სხვადასხვა ფერებში დანაყოფები, ვითომ პარტიებად წოდებული, არ არსებობს ეს ცალკე მდგომი პარტიები. ყველამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის დაკვირვების შემდეგ, რომ ესენი ერთი დედაპარტიის შვილები არიან, ერთი დიდი აგენტურული ქსელის, ეს არის „ნაცმოძრაობა“.
რაც შეეხება, რატომ ამბობს, მაგალითად, „ნაცმოძრაობა“ დღეს ერთს, შემდეგ აკეთებს მეორეს, ვთქვათ, „ფედერალისტები“, არ აქვს მნიშვნელობა, „ახალი“, ჯერ თვითონ სახელი „ახალიც“ შეურაცხყოფის მიმყენებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, რასაც ეტყვიან თავიანთი პატრონები, ზუსტად ისე მოიქცევიან. ერთგვარ დივერსიფიცირებას ვხედავთ ამ აგენტურულ ბაზარზე, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, მათი პატრონების მხრიდან. ერთ ფლანგს პირობითად ათქმევინებენ, მოასინჯინებენ ერთ სცენარს, რომ იღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მეორე ფლანგში რაღაც დაპირისპირება უნდა ნახოს საზოგადოებამ, მესამე ფლანგი თითქოს საერთოდ ემიჯნება ამ ორ ფლანგს და ცალკე რაღაც მოძრაობებს ქმნის. ეს არის ერთი დაკვეთის დივერსიფიცირებული სურათი. ეს კარგად უნდა გაიგოს საზოგადოებამ და ეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის.
რომელ სალომე ზურაბიშვილზე გვაქვს საუბარი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტი და ყველას კარგად შევახსენებ, არ მინდა შორს წავიდე, ის ღია წერილი, სადაც პირდაპირ სცენარი იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული ეს დანაყოფი - ეკონომიკურ კოლაფსზე და ამ ცრუ აღქმებზე და ყველანაირ ქმედებებზე, რომ ეკონომიკური დესტაბილიზაცია მოჰყოლოდა ამ ქმედებებს ჩვენს ქვეყანაში, რაც არ გამოუვიდათ. ასე რომ, რა დავალებაც ექნებათ, ამ დავალებას შეასრულებენ. ახლა ჩვენ ვხედავთ დივერსიფიცირებულ თამაშს სხვადასხვა ფლანგის, სცენარი ერთია. რომელი ფლანგიც დაწინაურდება, ფსონი იმ ფლანგზე დაიდება. დაწინაურებულ ფლანგს მისცემენ შემდეგ დავალებას, ჩამორჩენილი ფლანგიდან ვინ რომელ ბანაკში გადავიდეს და ვინ იყოს ლიდერი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, უბრალოდ, ტრაგიკომიკურია მათი ქმედებები. დიპლომატიური კორპუსის გაგვკვირვებია, მაგრამ უკვე აღარ გვაკვირვებს. არ მინდა, სათითაოდ შევეხო სულ ყველას, რადგან ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ პიროვნულად ნამდვილად არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია არცერთ მათგანთან, ჩვენ გვაქვს პრეტენზია მათ პოლიტიკასთან, იმ პოლიტიკასთან, რომელიც მოდის და ისინი გამტარები არიან თავიანთი ქვეყნებიდან. მარტო ევროკავშირის ელჩზე ვთქვათ, მისი განცხადება იყო სრული დეზინფორმაცია და საზოგადოების ცრუ აღქმაში შეყვანა, მცდელობა, ყოველ შემთხვევაში. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ეს დიპლომატიური კორპუსი მიდის სალომე ზურაბიშვილთან ფანჩატურში, ფანჩატური 3, თუ 4, აღარ ვიცით, სათვალავი აგვერია ყველას და აქ ხვდება რაღაც სხვადასხვა დანაყოფთან ერთად და განიხილავენ რიგგარეშე არჩევნებს. რომელ რიგგარეშე არჩევნებს განიხილავენ, რა საფუძვლით განიხილავენ, ეს ორმაგი სტანდარტის ნიაღვარია, რომელიც მოედინება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და ამ ყველაფერს, რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოება აკვირდება და ნათლად აღიქვამს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.