Loading data...
ყაველაშვილი: მუდმივად იყო მსგავსი რევოლუციური პროცესი, რასაც ახლა ავითარებს ეს რადიკალური ფრთა, რომ გვეგონა, ეს მათ რიგებში იხარშებოდა, თურმე, ეს ყველაფერი ხდებოდა, სამწუხაროდ, გარედან ზეწოლით

„ყველა არჩევნებს თუ დავაკვირდებით, მუდმივად იყო მსგავსი რევოლუციური პროცესი, რასაც ახლა ავითარებენ, - ბოიკოტის რეჟიმი და ა.შ. რასაც ავითარებს ეს რადიკალური ფრთა. რომ გვეგონა, ეს მათ რიგებში იხარშებოდა, ეს ყველაფერი ხდებოდა, სამწუხაროდ, გარედან ზეწოლით“, - ეს განცხადება „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

„ხელისუფლებას, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, ჰქონდა საკმაოდ საქმიანი ურთიერთობები [საერთაშორისო პარტნიორებთან], მაგრამ იყო სივრცეები, თემები, რასაც ჩვენ ვერ ვუმკლავდებოდით და იძულებულები ვიყავით, რომ სხვანაირად მოვქცეულიყავით, რომ უფრო მეტად არ დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა და რაღაც კომპრომისებზე წავსულიყავით. მაგრამ მათთან ურთიერთობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგად, მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ დავაყენეთ ჩვენი ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზე და იმის მიხედვით დავიწყეთ ყველა თემასთან მიმართებით დისკუსია.

დღესაც ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამოთქვამს მზაობას, რომ ნებისმიერ დროს დაჯდეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მათ ხელმძღვანელებთან და ნებისმიერ თემაზე მოხდეს განხილვები.

ხალხიც უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება ამ გზას არ გადაუხვევს, იცავს ეროვნულ ღირებულებებს და ეს ფაქტია. ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო ეს, ამ პროცესში ვართ და ამიტომ არის იმ იარლიყის მიწებება. ეს პროცესი გვაძლევს იმის საბაბს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ეროვნული ინტერესების დაცვით გავაგრძელოთ ურთიერთობა“, - აცხადებს პრეზიდენტი.