„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა, რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.
„2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1-ელ
ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი“, - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.