„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ პარლამენტის თავმჯდომარემ გამართოს ბრიფინგი და საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტიდან დეტალურად ისაუბროს, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას ესწრებოდნენ, ასევე, „ევროპელი სოციალისტები“ და „ხალხის ძალა“.
კირცხალიას ცნობით, სხდომაზე ერთი საკითხი იყო განსახილველად და ეს იყო საკონსტიტუციო სარჩელი.
„შემიძლია გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. მზად არის სარჩელი. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, შევჯერდით ერთ საკითხზე, რომ დღეს პარტიის ოფისიდან არ გაკეთებულიყო განმარტება და არ შევსულიყავით იმ დეტალებში, სარჩელი მაქვს მხედველობაში და ხვალ დღის პირველ ნახევარში, მოგეხსენებათ, ხვალ უკვე იწყება სასესიო კვირა და ამ კვირაში პირველი პლენარული სხდომაა, დღის პირველ ნახევარში პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს და კიდევ ერთხელ იმ დასრულებულ, ყველანაირად შეჯერებულ სარჩელზე ისაუბრებს ძალიან ვრცლად და ძალიან დეტალურად. ამიტომ, მინდა მედიას გთხოვოთ, ამ საკითხზე თავი შევიკავოთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.