კალაძე PACE-ს მომხსენებლების განცხადებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან პარტიების აკრძალვა მოხდა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც და ამას მიესალმებოდნენ
 
        დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პარტიების აკძალვის საკითხს ეხება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მსგავსი კანონი ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, თუმცა, საქართველოსთან მიმართებით ევროპის საბჭოს მომხსენებლები ორმაგ სტანდარტს იყენებენ.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ქვეყნები, სადაც პარტიების აკრძალვა მოხდა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ, თუნდაც ეს მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში, ფინეთში, გერმანიაში და ა.შ. რაც მათთვის მისაღები არ არის, გმობენ და ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება. იგივე მოხდა ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით დაფუძნებულია სიცრუეზე, რადგან საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით.
„ეს ადამიანები საქართველოს ხვალინდელ დღეს ებრძვიან. მათ უნდოდათ და ვერ მოახერხეს ამ ქვეყნის გამოყენება თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენი პოლიტიკით, პრაგმატული ნაბიჯებით, არ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოეყენებინათ და ქართველი ხალხის ინტერესები ფეხქვეშ გაეთელათ. მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე.
ხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება თავდასხმები ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ა.შ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
 
            