კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი. ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის. სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა რეგიონის, ქალაქის უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი 2014 წლიდან იმართება და მასში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ღონისძიებაში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მინდა, წარმატებები გისურვით ყველაფერში და ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისტროს“, - განაცხადა კახა კალაძემ და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი - შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს, თბილისში გაიმართება - 5 კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება. ფესტივალის მასპინძელი რუსთავის მერიაა.
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის დახურვის გრანდიოზულ ღონისძიებაზე. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.
საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „ურსა“ აფორმებდა, დღის განმავლობაში კი რუსთავის სპორტის სასახლეში, სხვადასხვა მიმართულებით, სპორტული შეჯიბრები ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა უნივერსიტეტების წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.