კახა კალაძე: რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად

ეს შემოტევები რა თქმა უნდა გაგრძელდება. მაქსიმალურად ეცდებიან იმას, რომ ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, არჩევნებში მათ შორის. ეს „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი დღის წესრიგია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, წამყვანის კითხვის საპასუხოდ - თუ რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და როგორი იქნება პოლიტიკური შემოდგომა.
მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში წინასაარჩევნოდ სიახლე არ არის.
კახა კალაძის განცხადებით, „დიფ სთეითი“ შეეცდება, რომ ყველა მეთოდის გამოყენებით მიაღწიოს სასურველ მიზანს.
„ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ყველგან, სადაც ისინი იღებენ არასასურველ შედეგს ან პოლიტიკურ პარტიას აუქმებენ საერთოდ ან თვითონ კანდიდატს უქმნიან სერიოზულ პრობლემებს. ავიღოთ რუმინეთის მაგალითი, ავიღოთ მოლდოვის მაგალითი. მოლდოვაში საერთოდ ოპოზიციური ტელევიზია, მედია არ არსებობს. ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. გერმანიაშიც იგივე განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით. რა არის კიდევ მთავარი, ერთი და იგივე „მესიჯი“, შეფუთვა, რომ შენ ხარ „რუსეთუმე“ და ატარებ რუსეთის ინტერესებს. 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში. ვერც ერთი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მაქვს მხედველობაში, ამ აგენტურაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს, ვერ იტყვის და ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე რუსული საქმე გაგვეკეთებინოს ან რუსული ინტერესები გაეტარებინოს საქართველოს ხელისუფლებას. ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის სიყვარულს და ქვეყნის ინტერესების დაცვას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, ქვეყნის მიმართ. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, ჩემი სამშობლოა. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. საქართველომ მომცა და საქართველოთი ვარ დღეს, როგორც ვარ. შესაბამისად, განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ და არ მინდა, რომ რომელიღაცა დიდმა ქვეყანამ, ჩემი პატარა ქვეყანა უდიდესი ტრადიციებით, უდიდესი კულტურის მქონე ხალხი გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. ამის მაგალითი გვქონდა ჩვენ 2008 წელს. რა შედეგები მივიღეთ კარგად გვახსოვს ყველას. რა ხდება დღეს უკრაინაში? ნამდვილად არ შედის ის ვითარება უკრაინის ინტერესებში, რაც იქ ხდება.
უნდა დავაფასოთ ეს მშვიდობა, რაც გვაქვს ქვეყანაში. კადრებს ვუყურებდი რა ხდება „დინამო არენაზე“. ეს შემთხვევითი არ არის. ეს ყველაფერი: ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, განწყობა, ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. გრძელვადიან მშვიდობას დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო მიმართულებას, ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ დიალოგის რეჟიმში ჰქონდეს ურთიერთობა და არა ისე, როგორც დღეს იქცევიან ევრობიუროკრატები - „ცეკას“ მსგავსი მითითებებით რომ სურთ საპასუხო მორჩილება.
„დღევანდელი ევრობიუროკრატია დაცლილია იმ ღირებულებებისგან, რაც ზოგადად ახასიათებდა ევროკავშირს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „დიფ სთეითი“, რომელიც საკმაოდ ძლიერია, დამარცხდება. ყველასთან გვინდა ნორმალური ურთიერთობა. რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროპასთან და ევროკავშირთან ნორმალური, მეგობრული პარტნიორული ურთიერთობა? იგივე აშშ-სთან? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს და გაწიროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი თავისი ინტერესების გასატარებლად. არ გამოვა ასე. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.