კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან, თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება.
„დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა. რეალურად, ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი, პარტია. თუ შევხედავთ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა აერთიანებთ მათ - იმართებიან გარედან.
ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, ყოველთვის ყველაფერს სამშობლოს წინააღმდეგ აკეთებენ. მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებაში ოპოზიციის უნდობლობა გამოწვეულია მათი არასახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგად.
„თუ ოპოზიციაში განხეთქილებაზე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, დღეს უკვე ცხადია ყველაფერი. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ამასაც აქვს თავისი ახსნა - როდესაც ხარ პოლიტიკოსი, პირველ რიგში, შენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა მოქმედებდე. ეს ადამიანები კი შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში. ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, მაგალითად, ბრიუსელში კონკრეტული პოლიტიკოსები კაბინეტებში დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და ა.შ. ამიტომ საზოგადოებაში არ აქვთ არანაირი ნდობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.