კახა კალაძე ევროკომისიის ანგარიშზე: გასაკვირი არაა ის ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ვხედავთ
დედაქალაქის მერი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე, ხოლო საქართველოსთან მიმართებით კორუფციაზეა საუბარი.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან მსგავსი ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით გასაკვირი არაა.
„თქვენ იცით, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ მათ ბრძანებებს არ დავემორჩილეთ, ქვეყანა არ მიუერთდა სანქციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევდა, დააზარალებდა მშრომელ ხალხს და მივიღებდით უმძიმეს შედეგებს. ჩვენ ჩვენი პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს ვიცავთ. ორმაგი სტანდარტები, რასაც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ვხედავთ, გასაკვირი არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.