Loading data...
კახა კალაძე ეუთო/ოდირზე: გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას ესმის ეუთო/ოდირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რადგან მიაჩნია, რომ მათ სურვილი არ აქვთ და ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადებულ დასკვნას მოჰყვა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეუთო/ოდირის მიერ არასაკმარისი დროის მომიზეზება აბსურდული იყო.

„ეს განმარტება, რაც მოვისმინეთ ძალიან დიდი აბსურდი იყო და ჩვეულებრივი სისულელე. თქვენ მოიყვანეთ კარგი მაგალითი - 2008 წელს, ყველას გვახსოვს, უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, ორგანიზება და ჩამოვიდნენ. მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, მათიც მესმის, თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ დადეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია და ქართველ ხალხს ჰქონდა იმის ნება და შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი, ყველას გვახსოვს, როგორ თავს დაესხნენ, როგორ გადაუარეს და აბულინგებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც.

გახსოვთ, ევროპარლამენტში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირების მხრიდან რა განცხადებებიც კეთდებოდა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.