კახა კალაძე: ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ
„დედაქალაქის მერის განცხადებით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, მართალია ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში პროცესი მოიგო, მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, სავარაუდოდ ამჯერადაც იგივე მოხდება.
„ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში გაიმარჯვა, თუმცა, აღსრულება არ ხდება. ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია მსოფლიოში არაფორმალური მმართველობაა და სწორედ მათ მიერ ივანიშვილის და მისი ოჯახის პოლიტიკური ნიშნით შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. რასაც ვხედავთ, ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ განაჩენის აღსრულება მოხდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არაფორმალური მმართველობის დამოკიდებულება ქვეყანასთან და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით. ბატონ ბიძინას სანქციებიც ისე დაუწესა ამერიკულმა მხარემ, რომ არანაირი განმარტება და კონკრეტულობა არ ყოფილა.
ამდენი ხანია საუბრობენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვერ გამოიყენეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.