Loading data...
კახა კალაძე: დღეს, უბრალოდ ხელს კი არ ვაწერთ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ ტრამვაის ხაზის პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს

დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს - „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტრამვაის პროექტის განხორციელების საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. მახსოვს, ტრამვაის მშენებლობის შესახებ პირველი განცხადება რომ გავაკეთე, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა მას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც: „როდის იქცევა ეს იდეა რეალობად?“.

დღეს, სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს და იდეიდან კონკრეტულ საქმეზე გადავდივართ. ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. მას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება.

„ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის იმ ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა, ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის გატარებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეთათვის და ავტომძღოლებისთვის.

ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ რომ კომფორტული და საიმედოა. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან და მოიცავს კონცეპტუალური პროექტის მომზადებას, დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებს.

მისივე თქმით, სამივე ეტაპის ჯამური ვადა არის 36 თვე. ხოლო ყველა თანამდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.

„რასაკვირველია, ტრამვაის ერთი ხაზი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ამის თქმას არც ვაპირებთ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი.

წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარი ის არის, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ.

დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს.

მინდა წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება.

ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.

პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს.