კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობაზე: მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
„მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან - საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
„მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის
კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში გაკეთებული განცხადებები, მუქარის ტექსტები, მტრული დამოკიდებულება, ადამიანების დასანქცირება, რისთვისაც არავითარი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და აშშ-თან გვექნება მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. როდესაც ვსაუბრობთ
ინტერესებზე, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული. ისე ვერ იქნება, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, ის გამოყენებული იყოს სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად და ამ პროცესში დავიჩაგროთ, დავზარალდეთ, მივიღოთ მძიმე შედეგები. ასე არ გამოვა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების აღდგენა, არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მოგვიწია ბრძოლა, სისხლიც კი დაიღვარა. შესაბამისად, ამას სჭირდება გაფრთხილება, განმტკიცება, როგორც დამოუკიდებლობას, ისე სუვერენიტეტს. საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„ზოგადად, სიახლეები იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით და დაველოდოთ. ის განცხადებები, სატელეფონო საუბარი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.