კახა კალაძე: არჩევნებისთვის სამზადისს ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები, ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე და გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არჩევნებისთვის მზადებას „ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები“.
კალაძე ამომრჩეველს პირობას აძლევს, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება, ყველა რეფორმა, რაც ჩვენს დედაქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება.
„მოგესალმებით, ვიდრე მუნიციპალურ თემებზე გადავალთ, მინდა შევეხო თემას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის.
ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას.
როგორც იცით, გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი. სრული გულწრფელობით ვაცხადებ, თვალისჩინივით ვუფრთხილდები ჩვენი მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ ნდობას და ვგრძნობ პასუხისმგებლობას მათ წინაშე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც უკვე გაკეთებულ საქმეებზე, ისე სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, ვინც შეძლებს, იზრუნოს თბილისზე და თბილისელებზე.
ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესში დაგეგმილი ღონისძიებები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, ღიად და გახსნილად შევხვდეთ ჩვენს ამომრჩეველს, მოვისმინოთ მათი ხედვები, მათი პრობლემები.
ფსევდოლიბერალების იმ აგრესიულ ჯგუფს, რომელიც ბოლო წლებია, ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებულები და უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, აქვს სურვილი, თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში და ხელი შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიას.
ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო. რადიკალთა დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, მედიას, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. მიზანი ცხადია - საზოგადოების გახლეჩა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა“, - განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მან მხარდამჭერებს მოუწოდა, საპასუხო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რადგან სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალადობა არის მიუღებელი. ეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში შედის. ამიტომ, მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, არ ავყვეთ მათ დღის წესრიგს და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საპასუხო ქმედებისგან. მადლობა მინდა გადავუხადო მმართველი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, რომელმაც რადიკალების სიძულვილსა და ზიზღის ენას გუშინ მოთმინებით უპასუხა.
რაც შეეხება ქალის მიმართ ძალადობას, მინდა განვაცხადო, რომ ის ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია, მაშინაც კი, როდესაც ქალს ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალისთვის შეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიან რთულია, მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს.
ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი.
ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს, ან გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციაში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. გახსოვთ, ალბათ, წლების წინ გია ბუღაძის ინიციატივით სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა.
„ასეთივე დამაჯერებლობით“, რასაკვირველია, ბრჭყალებში, ცდილობენ ახლაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც, ცხადია, განწირულია წარუმატებლობისთვის.
თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად.
დავუბრუნდები ისევ არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები. ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე და გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენს დედაქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება.
დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ისინი კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ, მოდერნიზებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. თუ ისინი ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები.
აი, ესაა ჩვენი პასუხი მათ აგრესიაზე, ხოლო მოსახლეობის პასუხი კი იქნება 4 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის გამარჯვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.