კახა კალაძე: აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას, მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს

„აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.
„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას. თბილისი თავად არის სასწაული – ქალაქი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი – მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.
ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ, თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მერის თქმით, საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას.
„მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მადლობას უხდის ყველა თბილისელს, ვინც ანდო ქალაქის ბედი.
„ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.