Loading data...
კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში

„ჩვენ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი განცხადებები ისმის, რადგან ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ.

„ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, რომელიც დაკავშირებულია მომავალთან, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მტრულ და არასახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ. ისინი თავიანთი ქმედებებით ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლო ადამიანები და საქართველო მათთვის უბრალოდ ტერიტორიაა; არ აქვთ განცდა, რომ საქართველო მათთვის სამშობლოა; იმართებიან გარედან, წარმოადგენენ აგენტურას. შესაბამისად, რასაც ავალებენ და მოსთხოვენ იმას აკეთებენ, ჩვენ კი ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არ სცდება.

„იცით, რომ არსებობს კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ კანონს არ სცდება. ხალხებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება აფხაზეთისთვის საწვავის მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.

„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან, არსებული კანონის ფარგლებში ხდება. ქვეყანაში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. 2012 წლამდე ამ მხრივ რაც ხდებოდა - ბიზნესზე შეტევა, ტერორი, წართმევა, ოჯახების გაუბედურება, წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მთავარია, ბიზნესსექტორის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად ყველა თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.