Loading data...
კახა გულედანი: დღგ-ს განაწილების პრინციპით, მუნიციპალიტეტებმა 2025 წელს ორი მლრდ ლარზე მეტი მიიღეს, რაც ორჯერ აღემატება წინა წლების შესაბამის მაჩვენებელს

სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი და ამოცანა გახლავთ ის, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების შემოსავლები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მხოლოდ დღგ-ს განაწილების პრინციპით, 2025 წელს 2 მლრდ ლარზე მეტი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლების შესაბამის მაჩვენებელს.

„საჭიროა, რომ ეს რესურსები მიმართული იყოს ისეთ პროექტებზე, რომლებიც არის ეფექტური და ხარჯთეფექტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს სამინისტროს დაევალა, რომ მუნიციპალიტეტებმა ტენდერის გამოცხადებამდე მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ, რა პირობით აცხადებენ ტენდერებს და ჩვენ მათ გავუწიოთ მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და ვნახოთ, რამდენად მოქმედ კანონმდებლობასთან არის შესაბამისობაში მათ მიერ გამოცხადებული ტენდერები.

მხოლოდ გასულ წელს, ამ კუთხით ჩვენ გავიარეთ 5 000-ზე მეტი სატენდერო დოკუმენტაცია და ამ კუთხით, ტენდერის გამოცხადებამდე დაიზოგა 13 მილიონ ლარზე მეტი. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მეთოდოლოგიური მხარდაჭერის იქით, მუნიციპალიტეტებთან სხვა პროცედურებში არ შევდივართ.

როგორც კი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან, აქ უკვე იწყება მუნიციპალიტეტის პოზიციონირება და ისინი აცხადებენ ტენდერებს, შემდეგ აფორმებენ ტენდერებს და ა.შ.“, - განაცხადა კახა გულედანმა.