ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: დიპლომატიური, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველა ეტიკეტი და დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ყველა ზღვარი გადაილახა იმ მიზნით, რომ აქ, როგორც ეძახიან - „რეჟიმის“ ცვლილებისთვის მიეღწიათ
„დღევანდელ დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ე.წ. მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიის უკიდურესად ანგაჟირებული მიდგომის ნელ-ნელა ნგრევის და ჩამოშლის პროცესია“, - ამის შესახებ მმართველი გუდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ რუსეთის მიმართ ევროპელი ლიდერების შეცვლილი რიტორიკის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს მტკივნეული პროცესია ამერიკაში და განსაკუთრებით ევროპაში იმ ძალებისთვის, რომლებიც დღეს უკიდურესი ლიბერალური მიმდინარეობის მმართველ პოზიციებზე არიან.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის და მორჩილი ძალების მოყვანის გზებზე საუბრისას კი დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა არჩევნებში უხეშ ჩარევას.
„ფაქტობრივად, საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე გამოილაშქრეს. დიპლომატიური, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველა ეტიკეტი და დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ყველა ზღვარი გადაილახა იმ მიზნით, რომ აქ როგორც ეძახიან - „რეჟიმის“ ცვლილებისთვის მიეღწიათ. ამან მოიტანა ის, რომ ევროპელებმა დაკარგეს ჩვენთან გარკვეული კონტაქტი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
დეპუტატმა ქართული ოპოზიციის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„მათ ერთადერთი სათქმელი აქვთ - „დაგვასანქცირეთ“. სხვანაირად მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი პოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში. რას ნიშნავს დაგვასანქცირეთ? - „ქვა ქვაზე არ დარჩეს, რომ იქნებ მერე რამენაირად ამ უდაბნოში ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება მოგვეცეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.