Loading data...
ისრაელის ელჩი: მოხარული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი საქართველოში ვიმუშავებ ძალიან ძლიერი, მყარი კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს

„მოხარული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი საქართველოში ვიმუშავებ ძალიან ძლიერი, მყარი კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს, რის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს.

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ჩემთვის ძალიან ახლოა ქართული კულტურა. ცემი აზრით, ზოგადად, ისრაელისა და საქართველოს კულტურა ძალიან ახლოსაა უამრავ ასპექტში. აღმაფრთოვანებს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და სიკეთე. ძალიან გამიმართლა, რომ აქ ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი აქ ვიმუშავებ ძალიან ძლიერი, მყარი კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს კავშირები საუკუნეებია, არსებობს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის და ჩვენს ქვეყნებს შორის ოფიციალურადაც. ვფიქრობ, დიდი პოტენციალი არსებობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით. საქართველო ასევე ძალიან სასურველი ადგილია ისრაელელი ტურისტებისთვის. ასობით ათასი ტურისტი მოდის საქართველოში ყოველწლიურად. ბევრი მათგანი მეორედ და მესამედაც ბრუნდება.

ბევრი იდეა გვაქვს, რომლებზეც ვსაუბრობ მინისტრებთან. ჯანდაცვის სფეროში საინტერესო თანამშრომლობის იდეებია. საქართველოს განათლების მინისტრთან მაქვს შეხვედრა, ვისაუბრებთ სასწავლო-აკადემიური კავშირების გაძლიერებაზე. გასულ კვირას შევხვდი სოფლის მეურნეობის მინისტრს და ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გაჩნდა. როგორც იცით, გვაქვს გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ასევე საინტერესო ტრენინგები და კიდევ ოთხი ქართველი მიემგზავრება ამ თვეში ისრაელში, სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებზე სასწავლებლად. პოლიტიკურ ჭრილშიც, მნიშვნელოვანია მაღალი რანგის კონტაქტები. გასულ კვირას შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მას გადავეცი ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური მიწვევა ისრაელში საქმიანი ვიზიტის თაობაზე. ახლა თარიღებზე ვმუშაობთ, სავარაუდოდ ვიზიტი მომავალ თვეში ჩაინიშნება. ასევე მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიიღებს ოფიციალურ მიწვევას ისრაელში ვიზიტის თაობაზე. ბოლო ორ თვეში საქართველოში იმყოფებოდნენ ისრაელის სოფლის მეურნეობისა და უსაფრთხოების საქმეთა მინისტრები. ყველას უნდა საქართველოში ჩამოსვლა. საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა ვალიდ აბუ ჰაიამ.