Loading data...
ისრაელის ელჩი: მადლობა უნდა გადავუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელის პრემიერს და ყველას, ვინც ჩართული იყო შეთანხმების მომზადებაში, ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო დღეების დაბრუნება

„მოხარული ვარ, რომ არსებობს შეთანხმება ომის დასრულების შესახებ. მადლობა უნდა გადავუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელის პრემიერს და ყველას, ვინც ჩართული იყო შეთანხმების მომზადებაში“, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვალიდ აბუ ჰაიას თქმით, ისრაელი თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვებთან რეგიონში.

„ორი წლის წინ ისრაელი გაოცებული იყო „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმით. ყველა ადევნებდა თვალს ინფორმაციებს. ეს იყო ის, რაც ისრაელს არ უნდოდა. ეს ომი ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ისრაელელი და ებრაელი შეწიროდა. ისრაელს არ აქვს არჩევანი, არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. მოხარული ვარ, რომ ახლა არსებობს შეთანხმება ომის დასრულების შესახებ, ცეცხლის შეწყვეტა. ამ შეთანხმებაში ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების დაბრუნება. ძალიან ემოციური იყო რამდენიმე დღის წინ 20 ცოცხალი ისრაელელის ტყვეობიდან დაბრუნება. ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს, რომლებიც ორი წელი იტანჯებოდნენ და მათ ელოდებოდნენ. მთელი ქვეყანა ბედნიერია ამ შედეგით.

ნამდვილად მადლობა უნდა გადავუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელის პრემიერს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ შეთანხმების მომზადებაში. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ველოდებით რამდენიმე დაღუპული მძევლის ცხედრის დაბრუნებას. იმედია, შესაძლებელი იქნება მათი ოჯახებისთვის გადაცემა და ისრაელის მიწაზე ღირსებით დაკრძალვა. ისრაელი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვებთან რეგიონში. ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური და უსაფრთხო დღეების დაბრუნება“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.