Loading data...
ირაკლი ზარქუა: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოვიდნენ ასპარეზზე

„კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოვიდნენ ასპარეზზე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული სარჩელის განხილვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაუსაბუთებელი მოთხოვნებით ოპოზიციას პროცესის გაჭიანურება სურს.

„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ ეს პარტიები, ნაცისტური პარტიები, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა რაც არის, მთლიანად აიკრძალოს და ამით ქვეყანა დამშვიდდეს, საზოგადოება დამშვიდდეს და ზოგადად, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ, ჩამოშორდნენ პოლიტიკას.

თქვენ იცით, რომ მცდელობა არის, დროში გაიწელოს, ის აბსურდული რაღაც თხოვნები რომ აქვთ მოსამართლეების მიმართ, ჯერ აცილებებით დაიწყეს უსაფუძვლოდ, უარგუმენტოდ. მაგრამ, ერთი კარგია, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე იყო ლუსტრაცია, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი, როგორც ბატონმა გვარამიამ ბრძანა, რომ თურმე გახარიები და ეს დანარჩენები, „ლელო“ და მთელი ეს საზოგადოება ერთი ჯგუფი არიან, რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ დიახ, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ამით ქვეყანაც დამშვიდდება და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ ასპარეზზე“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.