Loading data...
ირაკლი ზარქუა: უსამშობლოთა პარტიები ხალხთან კი არ მიდიან, ელჩებს ხვდებიან, მორიგი მცდელობა აქვთ, თავიანთი დამკვეთებისა და პატრონებისგან ახალი რჩევები მიიღონ

აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევები მისაღებად მიდის, თუ როგორ შეიძლება, პატრონებმა ისინი გადაარჩინონ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების ნაწილისა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.

„წარმოგიდგენიათ, უსამშობლოთა პარტიების რა მკაფიო ლუსტრირება ხდება? ხალხთან კი არ მიდიან, ელჩებს ხვდებიან. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პარტიის გასამართლება მიმდინარეობს. ჩვენი ხედვით, ისინი კონსტიტუციას არღვევენ და არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. აქცია დააანონსეს და 300 კაციც ვერ შეკრიბეს, რადგან დასაყრდენი არ აქვთ. ის, ვინც დასაყრდენი იყო, მათ ისინიც განერიდნენ, რადგან გაიაზრეს, ისინი როგორ იტყუებოდნენ. არ გვიკვირს, რომ უსამშობლოთა პარტიები თავიანთ ამომრჩეველს კი არა, თავიანთ დამკვეთებს, პატრონებს ხვდებიან.

ჩვენ მართლები ვართ ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან, ქართულ ეკლესიასთან და ბუნებრივია, ამიტომ ვართ ასე თამამები და ძლიერები ამ უსამშობლოებთან და მათ აგენტურასთან ბრძოლაში. ამ აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ დამკვეთებს და პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო და ახალი რჩევები მიიღონ. აბა, ახალი რევოლუციური ტალღა როგორ დაიწყონ? კიდევ მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ იქნება გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაცაა რომ, ქართველ ხალხთან კი არ მიდიან სალაპარაკოდ, არამედ დამკვეთებთან. ეს ამ უსამშობლოების მორიგი ლუსტრაცია იყო. ისინი სწორედ უცხოელი პატრონებისგან იმართებიან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.