Loading data...
ირაკლი ზარქუა: რადიკალები ცდილობენ, რომ მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებით დღის წესრიგი შექმნან, ეს არაფრის მომცემია

„რადიკალების მცდელობაა, რომ დღის წესრიგი შექმნან ბატონი ხუჭუას გადაწყვეტილებით. ეს არაფრის მომცემია“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატი გამოეხმაურა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო.

„23 რაიონულ სასამართლოში იყო გასაჩივრებული და აქედან 22-მა თქვა, რომ საფუძველი არ არსებობს და მხოლოდ ერთმა დაინახა განსხვავებულად. გასაჩივრდება, ეს თემა შემდეგ ინსტანციაზე გადავა და ვნახავთ ყველა რა - როგორ გადაწყდება. ასე რომ რადიკალების მცდელობა, რომ ამისგან რამე შექმნან, უსაფუძვლოა. თან, აღმოჩნდა, რომ ბატონი მოსამართლის ოჯახის წევრები რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ყოფილან. ჩვენ ყველა განსხვავებულ აზრს მივესალმებით, მაგრამ აქ არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყოს გადაწყვეტილება მიღებული“, - აცხადებს ზარქუა.