Loading data...
ირაკლი ზარქუა: კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია

რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენების შეჯამებისას.

ზარქუა მიიჩნევს, რომ საქართველოში რევოლუციის მოწყობა მეორე ფრონტის გახსნის მიზნით სურთ.

„რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით. ტრამპის ადმინისტრაციას მცდელობა ჰქონდა, ომი გაეჩერებინა - ვერაფერი ქნა. იცით, რომ ხელშეკრულება დაადებინა, გაინაღდა, რომ რაც დაახარჯეს უკრაინას, უკან წაიღოს და თქვა, რომ გავდივარ ამ თამაშიდანო. ნახეთ შედეგი - უკრაინას და რუსეთს შორის ომი კიდევ უფრო მეტ სიმძლავრეებს იკრებს. ყოველდღე არის ტრაგედიები, ორივე მხრიდან მართლმადიდებლები კვდებიან.

უკრაინის თემა კიდევ მეტად რომ გამწვავდეს, ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის, რომ აქედან მეორე ფრონტი გაიხსნას. ამისთვის რა არის საჭირო? კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მაიდანი განახორციელონ, რევოლუცია მოაწყონ და აგენტურა დასვან, რათა ერთი ფრონტი გახსნან საქართველოდან, მეორე ფრონტი - მოლდოვიდან და სხვა სახელმწიფოებიდან.

ასე რომ, ეს პროგრამა ძალაშია ისევ, კიდევ უფრო მეტ სიმძლავრეებს იღებს. დასავლეთი ორად არის გაყოფილი, ნაწილი წინააღმდეგია. მოკლედ, მსოფლიოში დიდი სიგიჟეები ხდება და ამ სიგიჟეებში საქართველოს ჩართვა ყველა მხარეს უნდა. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტად არის გაზრდილი მშვიდობის მნიშვნელობა და ჩვენი მოსახლეობისთვის მშვიდობა მოიტანა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.