ირაკლი ზარქუა: დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში, არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგია - მოგვიწოდებდნენ, რომ ფრონტის ხაზები გაგვეხსნა რუსეთთან, სანქციები დაგვეწესებინა, კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის წევრ დიდ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ პრობლემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგია.
ზარქუას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ფრონტის გახსნისკენ, სანქციების დაწესებისა და ჩარტერული რეისით უკრაინაში მეომრების გაშვებისკენ, თუმცა ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესების დაცვა და პრაგმატული პოლიტიკა აირჩია, რისი წყალობითაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური ზრდაა.
„დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში - საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, იტალიასა და ა.შ., დომინოს ეფექტივით მიჰყვება დანარჩენებიც, ეს სწორედ ამ „მარტა კოსების“, ამ „კალასების“, „რაისა კომუნისტკასა“ და მათი სადაქალოს პოლიტიკის შედეგია. ჩვენ მოგვიწოდებდნენ - კიდევ კარგი, არ დავუჯერეთ - ფრონტის ხაზები გაგვეხსნა რუსეთთან, სანქციები დაგვეწესებინა, ჩარტერი გაგვეშვა საომრად, თვითონ კი ჩუმად იყვნენ, თვითონ ვაჭრობდნენ და დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან.
კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ! ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების დაცვა. მათი ამ გაუგებარი პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს მილიონზე მეტი მომიტინგე გამოდის საფრანგეთში და ეს არის დაანონსებული. ეს იმის შედეგია, რომ დღეს, გერმანიაში რაც კი კანცლერები ჰყოლია ქვეყანას, მერცს ყველაზე სამარცხვინო რეიტინგი აქვს. სწორედ იმ არასწორი, უსამართლო, ორმაგი სტანდარტის დამოკიდებულების შედეგია ის, რაც ხდება ცენტრალურ ევროპაში. მაღალი ინფლაცია, რეცესია, უმუშევრობის ზრდა, გაფიცვები, რომლებიც ყოველდღიურად მატულობს - ეს არის დღევანდელი ევროკავშირისა და ევროპის პოლიტიკის შედეგი, რასაც იმკიან.
ჩვენ არ დავუჯერეთ, მივყევით ეროვნულ პოლიტიკას, ავირჩიეთ სუვერენიტეტი, ავირჩიეთ ქართველი ხალხის ნება და ამიტომ გავიმარჯვეთ. დღეს გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და იმაზე ვფიქრობთ, ცალკეულ რეგიონებში რომელი პროექტი სჯობს. ჩვენს სამეზობლოში კი, მაგალითად უკრაინაში, არ იციან, მეორე დღე გაუთენდებათ თუ არა. სწორი პოლიტიკა ის არის, რომ ეროვნულ ინტერესსა და ეროვნულ სუვერენიტეტს დაიცავ“, - განაცხადა ზარქუამ.