Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ბახმაროს სემინარზე: კვლავ ცდილობენ, ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული

„იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი გახლდათ, დეპუტატიც იყო სხვადასხვა პარტიიდან და ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში იყო „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ყოველთვის არჩევნების შედეგების არცნობის გზაზე იდგა ხოლმე“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

მან ისაუბრა ბახმაროში გამართული სემინარის შესახებ - კერძოდ, აქვს თუ არა ადგილი კანონში არსებული დიპლომატიური გამონაკლისების ბოროტად გამოყენების ფაქტს და ე.წ. შავი ხვრელების ამუშავებას.

ქადაგიშვილმა ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებაც გაიხსენა, რომ „ისინი ეძებენ დაფინანსების ალტერნატიულ გზებს“. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად, ამით კოსმა განაცხადა, რომ ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით უნდათ დაფინანსების შემოტანა.

მისივე თქმით, ბახმაროში სემინარის გამართვის ფაქტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უკვე სწავლობს და ამდენად, სამართლებრივ შეფასებას ის გააკეთებს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, პოლიტიკური შეფასება გავაკეთოთ. ერთი რამ არის ნათელი, რომ სათაურად გამოიტანეს „სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობა“. ამ დროს საუბარია იმ პიროვნებაზე, რომელიც არ შეიძლება, ნეიტრალურ მოთამაშედ და პირად ჩაითვალოს.

იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი გახლდათ, დეპუტატიც იყო სხვადასხვა პარტიიდან და ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში იგი იყო „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ყოველთვის არჩევნების შედეგების არცნობის გზაზე იდგა ხოლმე.

ამ მოვლენის პოლიტიკური სურათი ასეთია - კვლავ ცდილობენ, ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის საქართველოში არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.