Loading data...
ირაკლი კობახიძე: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს

„ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მიღწეული შედეგებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, პრემიერს და ჩინეთის ელჩს საქართველოში მადლობა გადაუხადა.

„ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო სახელით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს: პირადად პრეზიდენტ სი ძინ პინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.