Loading data...
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში - ეს სარჩელი მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს: ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური - ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა

„თუ ვინმე [ხელისუფლებას] არალეგიტიმურად აცხადებს, უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი წარმატებული იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური: ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ემსახურება გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

„როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი დეპოლარიზაცია იყო . სინამდვილეში გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი. რეალურად, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას, საქართველოში, არის სწორედ პოლარიზაცია. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში. ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, ეს უნდათ მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ ამ გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება უშუალოდ სარჩელს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს. მათ უნდათ დაამკვიდრონ, რომ ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და დარჩეს დაუსჯელი, ვიღაც შეიძლება წლების განმავლობაში აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი. ეს არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს [ხელისუფლებას], უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი წარმატებული იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს - ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური: ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა“, - განაცხადა პრემიერმა.