ირაკლი კობახიძე: თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა
ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი და მეორე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომელიც საჯარო განცხადებებით ირანის თემის აქტუალიზაციას და სხვადასხვა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ეხებოდა.
„ესეც არის საქართველოს მტრობა. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ არ შეიძლება უცხოელმა აგენტებმა საქართველოში განსაზღვრონ რაიმე პოლიტიკური კუთხით. მათ შორის, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ჯერ ჰქონდათ კამპანია რუსეთთან დაკავშირებით. დადასტურდა ყოველ ჯერზე, რომ ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტური ტყუილი, თუმცა მაინც აგრძელებდნენ და მგონი დღემდე აგრძელებენ. რაც შეეხება ირანს.
ირანთან რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები, ნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი და მეორე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დააზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა რა აზრი უტრიალებთ ამ ადამიანებს, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. ეს მონაცემები უკვე ადასტურებს იმას, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი.
სანქციების გვერდის ავლა, ნახევარ პროცენტიანიც რომ არ არის ჩვენი ექსპორტი და 1.4% რომ არის იმპორტი, არის სრული ტყუილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ასეთ პირობებშიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას. ამიტომ ვამბობთ ჩვენ მარტივად, რომ ესენი არიან უცხოელი აგენტები, საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ. თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა. ერთ დღეში დაადასტურა, რომ ტყუილი თქვა, თითქოს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, წინა დღეს თუ 2 დღით ადრე ჰქონდა გაკეთებული. ეს განცხადება საჯაროა და გავრცელდა კიდეც.
ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, სერგო ორჯონიკიძის საქმის გაგრძელებაა, რასაც აკეთებს ეს ქალბატონი. საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბება ხოლმე 100 ადამიანი და აკეთებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ყველაფერს სჭირდება მართვა.
როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული და როდესაც აქ ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფოზე რაღაც დააბრალოს, აქედან ჩანს, რა მძიმეა უცხოელი აგენტის ბედი, რა მძიმეა ქართველი ახალი სერგო ორჯონიკიძეების ბედი. ეს ადამიანები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, თინა ხიდაშელი და ა.შ. არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე იყო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. სხვას ვერაფერს ვერ შევადარებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.