Loading data...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა

ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია.

„მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის ამის დასტური. გამუდმებული საბოტაჟი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა, ასევე ის, რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში - რევოლუციის ხუთი მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი ეს სპექტრი თავისი პოლიტიკური პარტიებით, თავისი ენჯეოებით და თავისი მედიასაშუალებებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში.

მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უფრო სწორად არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ ერთადერთი პატრონი, ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად.

მე კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მერე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ. სრული თანხვედრა იყო, სრული კოორდინაცია იყო არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის.

მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში და ეს არჩევნებშიც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე და ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.