ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადაგიხადოთ კულტურის მოღვაწეებს იმ გამორჩეული წვლილისთვის, რომელიც მიგიძღვით ქართული კულტურის განვითარებაში, საუკუნეების მანძილზე კულტურა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა და რამაც დღემდე შეგვინარჩუნა ჩვენი ეროვნული იდენტობა

„ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და, რა თქმა უნდა, ასეა საქართველოშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კულტურის მოღვაწეებს იმ გამორჩეული წვლილისთვის, რომელიც მათ ქართული კულტურის განვითარებაში მიუძღვით.
„საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და, რა თქმა უნდა, ასეა საქართველოშიც. საუკუნეების მანძილზე კულტურა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა ჩვენი იდენტობა და რამაც დღემდე შეგვინარჩუნა და შეგვინახა ჩვენი ეროვნული იდენტობა. ჯილდოზე წარდგენილ ხელოვანთა სია თავისთავად მეტყველებს ჩვენი კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე: რეჟისორები და პოეტები, კომპოზიტორები და მომღერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და ქორეოგრაფები, შემსრულებლები და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის ყველა მკვლევარი - თითოეული თქვენგანი, თქვენი განუმეორებელი ხელწერით, საქართველოს ერთიან, მრავალხმიან კულტურულ პორტრეტს ქმნით.თქვენი შემოქმედება სცილდება პირადი წარმატების ფარგლებს. ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას. თქვენ აკეთებთ ეროვნულ საქმეს და ამავდროულად, საკაცობრიო ფასეულობებზე ზრდით მომავალ თაობებს, მსოფლიოს უყვებით საქართველოს ისტორიას თუ დღევანდელობას, განამტკიცებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ ერთა ოჯახში.სახელმწიფო ჯილდო, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ, არის ამ ღვაწლის მხოლოდ მოკრძალებული აღიარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.