Loading data...
ირაკლი კობახიძე: მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს

მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დააწესა ფულადი ჯილდო პრიზიორებისთვის, ვიცე-ჩემპიონები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელნიკა მიიღებენ 500-500 ათას ლარს საპრიზო ადგილის დაკავებისთვის.

„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს გადაცემა 50-50 ათასი ლარი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის. ამ წარმატების უკან დგას ძალიან დიდი, გამორჩეული, პროფესიონალების გუნდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა, გამოვთქვა მწვრთნელების მიმართ.

ეთერ თუთბერიძე, პაველ სლიუსარენკო, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. ცალკე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფედერაციის საქმიანობა. სწორედ ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგია ის გამორჩეული შედეგები, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს და თითოეულ თანამშრომელს მათი განსაკუთრებული პატრიოტიზმისთვის და ძალისხმევისთვის, რისი შედეგიც არის ჩვენი სპორტული მიღწევები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარალიმპიელ სპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც იდენტური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დღეს თქვენ გადმოგეცემათ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები და ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება. ეს არის ის ჯილდოები, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ საქართველოს სახელმწიფოსგან.

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.