ირაკლი კობახიძე - კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს
„შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა, ეს ინფორმაცია არის უტყუარი, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას.
„გამოძიება როცა დასრულდება, დეტალური ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ბატონმა გეკა გელაძემ გაავრცელა, ის ეფუძნება კონკრეტულ მასალას. ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება კამიტს ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაშუალებებს. კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ეს ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას. ამ თემაზე მუშაობენ სუს-ი და შსს. შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა. ეს ინფორმაცია არის უტყუარი. დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს,“- განაცხადა პრემიერმა.