Loading data...
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85%, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას

„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85%, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მთავრობა საუბრობს გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე, აქ საქმე არ ეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, არამედ იმას, რომ ხელისუფლების სურვილია, განსაკუთრებულად გააძლიეროს ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო კერა, შესაბამისად, გეოგრაფია, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის შემთხვევაში, არ არის რელევანტური გზავნილი.

„რაც შეეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის საკითხს და არის თუ არა ეს გეოგრაფიული საკითხი. რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი. თქვენ, მგონი, დეკონცენტრაციის თემაში აურიეთ. დეკონცენტრაცია და ქუთაისი აბსოლუტურად სხვა თემაა. ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, რომ თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, არა იმდენად განათლების კუთხით, რამდენადაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. თბილისის მოსახლეობა არის ასული 34 %-მდე ქვეყნის მოსახლეობაში. ეს არის ცალკე აღებული ქვეყნის გამოწვევა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე, აქ საქმე არ ეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, აქ საქმე ეხება იმას, რომ გვინდა, განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო კერა, ამიტომ გეოგრაფია, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის შემთხვევაში, არ არის რელევანტური გზავნილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას აქვს მწირი რესურსი, ეს მწირი რესურსი უნდა გამოიყენოს ოპტიმალურად და ეს არის ხელისუფლების არგუმენტი.

„რაც შეეხება თქვენს გზავნილს იმაზე, რომ უნივერსიტეტების პოტენციალი არ უნდა შეეწიროს ამ როგორც თქვენ ამბობთ - „აკვიატებულ პრინციპს“ და თქვით, რომ არ უნდა შევწიროთ კარგი უნივერსიტეტებიო. კარგ უნივერსიტეტებზე როცაა საუბარი, მე პატივისცემა უნდა გამოვხატო ყველა უნივერსიტეტის მიმართ. მე, როცა თსუ-ში ვსწავლობდი, 1995-2000 წლებში, განათლების დონე მაშინაც იყო საკმაოდ დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე დღეს. შემდეგ წავედი გერმანიაში და იქ გავიგე, რა იყო იურისპრუდენცია. მანამდე ეს დარგი საერთოდ ვერ გავიგე, რა იყო თავისი არსით. ამის მიუხედავად, დღემდე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი. თუ გნებავთ, არის თსუ, მათ შორის, იმ ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც ამ უნივერსიტეტს აქვს. მაგრამ როდესაც საუბარია კარგ უნივერსიტეტზე, ჩვენ აქ რაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ საუნივერსიტეტო სისტემის რესურსები ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, თსუ-ს შესაძლებლობების გაძლიერება გვინდა, ესაა მთავარი ამოცანა. რაც შეეხება იმას, რომ პოტენციალი არ უნდა შეეწიროს, პოტენციალი რომ მწირი გვაქვს, ამაში ხომ მეთანხმებით და რას ვგულისხმობ. თბილისში, დღემდე მოვედით ისე, რომ ჩამოყალიბებულია 4 მრავალფუნქციური უნივერსიტეტი. დე ფაქტო სოხუმის უნივერსიტეტიც მოქმედებს თბილისში, როგორც მოგეხსენებათ. გვაქვს 4 მრავალფუნქციური უნივერსიტეტი. ავიღებ ჩემი მიმართულების მაგალითს. შენ რომ გქონდეს თბილისში 4 იურიდიული ფაკულტეტი, მინიმუმ 4 უმაღლესი კვალიფიკაციის სისხლის სამართლის სპეციალისტი უნდა გყავდეს ქვეყანაში, აკადემიური მიმართულებით, ზოგადად მეტი გვყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც შეეძლება სახელმძღვანელოს დაწერა, სასწავლო პროგრამის განვითარება, მომზადება დოქტორანტების და ა.შ. ძალიან მწირია ამ კუთხით ეს რესურსი და 4 მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი ერთი მიმართულებით შეიძლება ვერ იპოვოთ საქართველოში, ვინც ბოლომდე თავის თავს მიუძღვნის აკადემიურ საქმიანობას. ავიღოთ კონსტიტუციური საქმიანობა, ის მიმართულება, რომელშიც მე ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში. 2 ძირითადი საგანია ამ მიმართულებით, 35 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დაახლოებით 25 თუ 30 წელი გავიდა, რაც ადამიანის უფლებები, როგორც საგანი ისწავლება საქართველოში. დღემდე, საქართველოში არ გვაქვს ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული სისტემა. ჩვენ რომ გვქონოდა სათანადოდ ჩამოყალიბებული, გამართული სისტემა, დღეს გვექნებოდა ადამიანის უფლებებში და 10 სხვა ძირითად საგანში, სადაც არ არის სახელმძღვანელოები, სათანადო, თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. როდესაც გაქვს მწირი რესურსი, ეს მწირი რესურსი უნდა გამოიყენო ოპტიმალურად, ეს არის ჩვენი არგუმენტი. საერთაშორისო დონეზე გვჭირდება ხომ ჩვენ კონკურენტუნარიანობა და არა შიგნით. შიგნით რა მნიშვნელობა აქვს კონკურენცია არის, თუ არა, თუ გარეთ არ ხარ კონკურენტული და თუ შენ ისეთივე პროფესიონალებს არ ამზადებ საქართველოში, როგორც მაგალითად გერმანიაში მიუნხენის უნივერსიტეტი. რა მნიშვნელობა აქვს ხომ, მთავარია გარე კონკურენცია. ფეხბურთის მაგალითი რომ ავიღოთ, შენ თუ გინდა, რომ წარმატებით იასპარეზო ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირებზე და თუ გყავს მაგალითად 5-6 მაღალი დონის ფეხბურთელი და 5-6 საშუალო დონის ფეხბურთელი, არ შეიძლება, 64 გუნდი შექმნა შენს ქვეყანაში და 64 გუნდზე გადაანაწილო ეს შენი მწირი რესურსი. ამაზეა საუბარი. იმისათვის, რომ ჩვენ საერთაშორისო დონეზე გავხდეთ კონკურენტუნარიანები, ეს ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ერთ თამაშში მაინც მოვიგოთ საერთაშორისო ტურნირებზე და არ უნდა შევქმნათ 64 გუნდი, როდესაც გვყავს სულ 15 ფეხბურთელი, ზოგი მაღალი და ზოგი საშუალო დონის“, - განაცხადა პრემიერმა.